30 მარ

👉კოლეჯი „მერმისი“ იტალიაში - საერთაშორისო წარმატება

 სსიპ კოლეჯმა „მერმისი“ 2026 წლის 17-21 მარტს მონაწილეობა მიიღო იტალიის პროფესიული მომზადებისა და დასაქმების სერვისების აკრედიტებული სააგენტოს — APF Valtellina-ს მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო კულინარიულ კონკურსში Students’ Creative Food, რომელშიც მონაწილებდა 15 ქვეყნის 21 გუნდი (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ხორვატია, ალბანეთი, ლატვია, საქართველო, ვიეტნამი და მოროკო). კონკურსი განკუთვნილი იყო 16-დან 24 წლამდე ასაკის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ სასტუმრო-სარესტორნო პროფილის სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში.

განსაკუთრებით დიდი პატივი იყო აღნიშნულ კონკურსში კოლეჯის მონაწილეობა, რადგან საქართველოს წარმოადგენდა „მერმისი“. კოლეჯის მიერ ეროვნული გუნდი დაკომპლექტებული იყო სამი სტუდენტის: ელენე სანაია, საბა გრიგალაშვილი და ნიკოლოზ ნამგალაძე და ორი მასწავლებლისგან: ვახტანგ დევდარიანი და გოგი ბაზანდარაშვილი.

კონკურსის წესების თანახმად, კოლეჯის გუნდმა წარადგინა სამკერძიანი მენიუ, რომელიც მოიცავდა ვეგანურ აპეტაიზერს, ძირითად კერძსა და დესერტს და თითოეულ კერძთან წარმოდგენილი იყო შესაბამისი სასმელები - ქართული ღვინო. კონკურსში მონაწილე თითოეული გუნდი შეფასდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც მიზნად ისახავდა როგორც ტექნიკური კომპეტენციის, ასევე საერთო შესრულების დონის განსაზღვრას.

გუნდმა ღირსეულად წარმოადგინა კონკურსზე კოლეჯი, რის შედეგადაც მოიპოვა საპატიო პრიზი „Country Testimonial Award“. 🏆🏅🎖️🏆

 კონკურსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრი — ეს არის საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და სტუდენტებს აძლევს ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

 კოლეჯის დირექცია გულწრფელ მადლობას უხდის კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის, თითოეულ მონაწილეს, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, კონკურსის ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარდამჭერს, ულოცავს გამარჯვებას და მომავალშიც კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს!👏👏👏❤️❤️❤️