8 იან

ინკლუზიური განათლება

    სსსმ და შშმ პირებისათვის ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფისათვის კოლეჯში შეიქმნა ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, რომელიც მოწყობილია უნივერსალური დიზაინის პრინციპით. კოლეჯში „მერმისი“ 2013 წელს პირველ მიღებაზე ჩაირიცხა 16 სსსმ სტუდენტი. მას შემდეგ ყოველწლიურად მატულობს სსსმ სტუდენტთა რაოდენობა.  2013 წლიდან დღემდე კოლეჯში ჩაირიცხა 233 სსსმ და შშმ პირი, მათ შორის ტოტალური უსინათლო, სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის, მენტალური და სხვადასხვა ინტელექტუალური დარღვევის მქონე სტუდენტები.  საგანმანათლებლო პროცესში  ჩართვის ხელშეწყობა მათთვის საჭირო დამატებითი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფისა და პროგრამების  ადაპტირების გზით ხორციელდება. სსსმ და შშმ სტუდენტების პროფესიული განათლების პროცესში ჩართულია ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინტორი, ინკლუზიური განათლების ორი სპეციალისტი, სსსმ პირის ორი ასისტენტი, ჟესტური ენის თარჯიმნები, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ეტლით მოსარგებლე და ინტელექტუალური დარღვევის მქონე სტუდენტებისთვის ასისტენტი-მძღოლი და უსინათლო სტუდენტებისთვის ხმოვანი პროგრამის  NVDA -ს სპეციალისტი. დაწესებულება ზრუნავს მათ საწარმოო პრაქტიკასა და შემდგომ დასაქმებაზე.

ევროპული განვითარების ფონდის მიერ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,მერმისი" მაგალითზე ინკლუზიური პროფესიული განათლება საუკეთესო, ინოვაციურ და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ პირველ წარმატებულ ინიციატივად დასახელდა. აღნიშნულმა ინიციატივამ ასობით სისტემის მიღმა დარჩენილ ადამიანს გაუხსნა გზა ღია შრომის ბაზრისაკენ. შედეგზე ორიენტირებული, თანამშრომლობითი, ეფექტური და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა - ასე შეფასდა ინკლუზიური პროფესიული განათლება საქართველოში.
ევროპული განვითარების ფონდის მიერ ქ. ბრიუსელში კოლეჯის დირექტორს საპატიო პრიზი გადაეცა. გამოიცა პუბლიკაცია საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური პროფესიული განათლების წარმატებული შემთხვევების შესახებ.